საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე საბერძნეთში შეხვედრებს მართავს

2015 წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია საბერძნეთის რესპუბლიკას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად შეხვედრა გამართა საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ნიკოლაოს ვუცისთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. ნიკოლაოს ვუცისის განცხადებით, საბერძნეთის პარლამენტში მიმდინარეობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების, მათ შორის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დაკომპლექტება. აღსანიშნავია, რომ მ/წლის 9 ნოემბერს საბერძნეთის პარლამენტის საგარეო და ეროვნული თავდაცვის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. ნიკოლაოს ვუცისმა ქართულ მხარეს აცნობა, რომ ქვეყნის პარლამენტი დოკუმენტის საბოლოო რატიფიცირებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე მოახდენს.

საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრის მარდასს და ეკონომიკის, განვითარებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს ალექსის ხარიცისს. ასევე, შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის მსხვილი ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე სხვა სექტორული მიმართულებებითაც.  შეთანხმდა, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. დიმიტრის მარდასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან ქართველ კოლეგას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების და სავიზო ლიბერალიზაციის  საკითხებში საბერძნეთის სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

საბერძნეთის ეკონომიკის, განვითარებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას  ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობასა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფონზე. ალექსის ხარიცისი მიესალმა ქართული მხარის შეთავაზებას,  სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების საკითხში გამოცდილების გაზიარების  და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის კუთხით ინფორმაციების გაცვლის შესახებ.

 მინისტრის პირველმა მოადგილემ  შეხვედრა გამართა UNESCO–ს კეთილი ნების ელჩთან, „მარიანა ვარდინოიანისის ფონდის“ დამფუძნებელთან და ონკოლოგიური კლინიკის „ელპიდა“ ხელმძღვანელთან მარიანა ვარდინოიანისთან. მიხეილ ჯანელიძემ, ქალბატონ მარიანა ვარდინოიანისს, მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ინიციატივით დაფუძნებული სოლიდარობის ფონდის შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შუწყოს ორ ფონდს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობისა და დაფინანსების საკითხებში. ასევე, ქალბატონი მარიანა ვარდინოიანისი მოწვეულ იქნა თბილისის პირველ საერთაშორისო სოლიდარობის და ინოვაციური დაფინანსების ფორუმზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 16-18 დეკემბერს.