საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა

01.17.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი)იოჰანეს ფან დერ კლაუს.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ქართულმა მხარემ UNHCR-ის ოფისს მადლობა გადაუხადა საქართველოში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას.
 
ამასთან, დავით ზალკალიანმა იოჰანეს ფან დერ კლაუს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს დაბრუნებამდე მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა UNHCR-ის როლის მნიშვნელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. 
 
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.
 
შეხვედრის ბოლოს იოჰანეს ფან დერ კლაუმ ქართულ მხარეს გადასცა აკრედიტაციის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე.