საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიიღო

16.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ელჩ ანდრეას პეშკესთან.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონული უსაფრთხოება და გამოწვევები. დავით ზალკალიანმა აღნიშნა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლიერება გამოხატა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის დაჩქარების პროცესში გერმანიის მხარდაჭერისთვის.
 
ანდრეას პეშკემ დავით ზალკალიანს მიულოცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება. მან ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველი სამხედროების მიმართ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის. ამასთან, იგი მიესალმა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობებს და კვლავ დაადასტურა გერმანიის ფედერალური მთავრობის მზაობა, შემდგომშიც ხელი შეუწყოს ქართულ-გერმანული თანამშრომლობის განმტკიცებას. ამ კონტექსტში გერმანელმა დიპლომატმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ორმხრივი ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ სიკეთეებსა და პერსპექტივებზე, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეალიზაციას უკავშირდება.