საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან

2015 წლის 13 თებერვალს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან.

ბუნდესტაგის დელეგაცია, ნორბერტ ლამერტის ხელმძღვანელობით, 12-დან 15 თებერვლამდე სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს. „ბატონი ლამბერტის ვიზიტი გერმანიის მკაფიო და მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. გერმანიის ბუნდესტაგი კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის. მათ შორის,  ასოცირების ხელშეკრულების დროული  რატიფიკაციისთვის.  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის მიმართულებით გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე. გერმანიის მხრიდან არის მზაობა, გააქტიუროს პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ყველა ინსტრუმენტები“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა ბერუჩაშვილმა გერმანელ პარლამენტარებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილი ვითარების  შესახებ, გააცნო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, აგრეთვე ქართული მხარის ხედვა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან მიმართებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობისა და, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს უსაფრთხოება და სტაბილურობა კვლავინდებურად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

ნორბერტ ლამერტმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგი, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, დაასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას. ამის გარდა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გერმანიის პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები საქართველოში სწორი დინამიკით ხორციელდება და პროცესი არ უნდა შენელდეს.

თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის პრეზიდენტს გერმანიის, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი
2015 წლის 13 თებერვალი