საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტთან

2015 წლის 24 მარტს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტთან ოლემიკ ტომესენთან. აღსანიშნავია, რომ ეს ბატონი ტომესენის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, პარლამენტის პრეზიდენტის რანგში.

თამარ ბერუჩაშვილმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ ურთიერთობებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში. მან მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს, ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობის მზაობისთვის.

ოლემიკ ტომესენმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს და მადლიერება გამოხატა ნატოს სამშვიდობო  მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ ტომესენს ნორვეგიის მთავრობის მიერ ე.წ. „ხელშეკრულებების“ დაგმობისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის განვითარების  კუთხით მიმდინარე  და სამომავლო პროექტებს. ასევე განხილულ იქნა 2015 წლის მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მნიშვნელობა, მოლოდინები, გეგმები ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა  და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით.

შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტად გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი