საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს იან ელიასონს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი  დრო დაუთმეს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის საფრთხეზე, კერძოდ, რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან  გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულებასა“ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ანალოგიური დოკუმენტის პროექტზე.  აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში გაერო-ს სააგენტოების საქმიანობა და ორმხრივი თანამშრომლობის პროექტები. ქართული მხარის მიერ აღინიშნა გაერო-ს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.

შეხვედრის მიწურულს თამარ ბერუჩაშვილმა იან ელიასონი საქართველოში მიიწვია.