საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში შეხვედრებს მართავს

2015 წლის 22 ივნისს დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ოფიციალური ვიზიტი არგენტინის რესპუბლიკაში.  მინისტრმა შეხვედრა გამართა არგენტინის ვიცე–პრეზიდენტთან და სენატის თავმჯდომარესთან ამადო ბუდუსთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკურ,  სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

22 ივნისს მინისტრი ასევე სიტყვით გამოვიდა  არგენტინის საგარეო ურთიერთობათა ეროვნულ ინსტიტუტში, სადაც თამარ ბერუჩაშვილმა მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ასევე ისაუბრა ლათინური ამერიკის რეგიონთან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.  ამავე დღეს მინისტრმა შეხვედრა გამართა ბუენოს-აირესში აკრედიტებული ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებთან, რომელსაც ესწრებოდნენ არგენტინაში ბრაზილიის, ურუგვაის, პერუს, კოლუმბიის, ბოლივიის, მექსიკის, გვატემალის, ელ სალვადორის, პანამის, კოსტა-რიკის ელჩები.

ბუენოს-აირესში ვიზიტით დაიწყო საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონული ტურნე სამხრეთ კონუსის ქვეყნებში. მინისტრი ბერუჩაშვილი 24 ივნისს ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას, ხოლო 25-26 ივნისს ჩილეს რესპუბლიკას ეწვევა.