საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2015 წლის 8 ივლისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან გერმანიის ეუთო-ს 2016 წლის თავმჯდომარეობის საკითხებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინატორთან რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, დოქტორ გერნოტ ერლერთან.
 
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ასპექტებს. გერმანელ დეპუტატთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა.
 
გერნოტ ერლერი განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული მხარის ხედვით ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობით და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის თემატიკით.
 
თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის დეპუტატს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებში ჩამოყალიბებულ მზარდ დინამიკას და გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
 
გერმანიის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი გერნოტ ერლერი სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, სადაც შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამას გარდა, 8 ივლისს გერმანელი პარლამენტარი საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის 20-წლიანი საქმიანობის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ქართულ-გერმანული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.