საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2016 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. აღსანიშნავია, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 2016 წლის 30 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. თბილისში ვიზიტისას იგი მონაწილეობას იღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნაში.
 
საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ასპექტები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

 როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია და დონორია როგორც ფინანსური და ტექნიკური დახმარების სფეროში, განსაკუთრებით საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მიმართულებით.  

 მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას, რაც, მათი შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო გერმანიის მხრიდან იღებს.

მიხეილ ჯანელიძემ და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე აღნიშნეს 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის სათანადო დონეზე აღნიშვნის მნიშვნელობა, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ხალხთაშორის კონტაქტებს, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში კავშირ-ურთიერთობებს.   
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-სა და გერმანიის როლი რეგიონსა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ინციდენტები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  კონფლიქტების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მოგვარების მნიშვნელობას.   
 
მას-მედიის წარმომადგენლებისთვის გაკეთებულ განცხადებებში მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დღეს - 2016 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ დოკუმენტი და სიმბოლურია, რომ მისი ძალაში შესვლის დღეს იგი თბილისში იმყოფება. „ეს არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შემთხვევითობა, რომ სწორედ დღეს ორივე ვიმყოფებით აქ და იმავდროულად ხორციელდება ჩემი ვიზიტი თბილისში. ფაქტი, რომ მე აქ ვარ კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო იმ აქტიურობისა და რეფორმების მიმართ, რაც თქვენმა ქვეყანამ და თქვენმა მთავრობამ განახორციელა უკანასკნელი წლების განმავლობაში, ის პატივისცემა, რომელიც არა მხოლოდ პირადად ჩემგან, არამედ გერმანიისა და ევროკავშირის მხრიდან გამოიხატება“ - განაცხადა შტაინმაიერმა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ 1 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის. „საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღდგენიდან მიისწრაფვის ევროპული ოჯახისაკენ, იმისკენ, რომ   შევქმნათ ნამდვილად ევროპული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს, სტანდარტებსა და პრინციპებს. სწორედ  ამის საშულებას გვაძლევს ასოცირების შეთანხმება. მან უკვე მოიტანა პოზიტიური შედეგები, როგორც  ეკონომიკური, ასევე ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ჩვენი პოლიტიკური დაახლოების და სექტორული  ინტეგრაციის მიმართულებით. ამ შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. ეს ქმნის მყარ საფუძველს, რათა ჩვენი განვითარება ევროკავშირთან ერთად იყოს მდგრადი და სტაბილური“ -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 
ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, მინისტრმა შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროული და წარმატებით დასრულების მიმართ. მისივე თქმით, ბერლინი უაღრესად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.
 
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ნატო-ს ვარშავის სამიტზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ალიანსის მხრიდან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ შეფასების, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
სამუშაო ვიზიტის ფარფლებში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნაში და დაესწრო მრგვალ მაგიდას გერმანული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით.​