საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

25.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაში.

მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში გაძლიერებული ფართომასშტაბიანი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული „ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიით“ გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაციაში და ხაზი გაუსვა, საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელებას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და დეზინფორმაციის განეიტრალება წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმოებულ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებას, ისე საზღვრებს გარეთ, თავად ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობასთან და ცალკეულ სამიზნე ჯგუფებთან აქტიურ მუშაობას.

თავის გამოსვლაში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც ევროკავშირთან 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოიცავს. მინისტრმა დადებითად შეაფასა აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილოება.

ევროკავშირი–საქართველოს საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციას სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.