საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

2016  წლის  2  ივნისს, ქ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან. შეხვედრაზე  საუბარი  შეეხო  ეუთო-სა  და  საქართველოს  შორის  თანამშრომლობის  საკითხებს  და  სამომავლო  პერსპექტივებს.  აღინიშნა  ეუთო-ს  ავტონომიურ  ინსტიტუტებთან  მჭიდრო  თანამშრომლობის  მნიშვნელობა  და  მათი  როლი  ქვეყნის  დემოკრატიზაციის  პროცესში. ხაზი  გაესვა  ეუთო-ს  საერთაშორისო  დამკვირვებელთა  მიერ  საქართველოში  საარჩევნო  პროცესის  მონიტორინგის  მნიშვნელობას.

საგარეო  საქმეთა  მინისტრმა  გენერალურ  მდივანს  მიაწოდა  ინფორმაცია  საქართველოს  ოკუპირებულ  აფხაზეთისა  და  ცხინვალის  რეგიონებში  უსაფრთხოებისა  და  ადამიანის  უფლებების  მხრივ  არსებული  მძიმე  მდგომარეობის  შესახებ.    მინისტრმა  ყურადღება  გაამახვილა  მიმდინარე  წლის  19  მაისს  აფხაზეთის  საოკუპაციო  რეჟიმის  წარმომადგენლის  მიერ  ზუგდიდის  რაიონის  სოფელ  ხურჩაში,  გალის  მკვიდრის  გიგა  ოთხოზორიას  მკვლელობის  ფაქტზე. 

შეხვედრაზე  ეუთო-ს  გენერალურმა  მდივანმა  მწუხარება  გამოთქვა  19  მაისის  ტრაგიკულ  შემთხვევასთან  დაკავშირებით  და  ხაზი  გაუსვა  საქართველოს  ოკუპირებულ  რეგიონებში  უსაფრთხოების  საერთაშორისო  მექანიზმების  შექმნის  აუცილებლობას.

შეხვედრაზე    დაფიქსირდა  ეუთო-ს  ჩართულობის  გაზრდის  მნიშვნელობა  საქართველო-რუსეთის  კონფლიქტის  მშვიდობიანი  გზით  მოგვარების  პროცესში,  მათ  შორის  ჟენევის  საერთაშორისო  დისკუსიების  ფარგლებში.