საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს თავმჯდომარეს, სერბეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2015 წლის 2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ივიცა დაჩიჩს, რომელიც 1-2 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ვიზიტი სერბეთის ეუთო-ში თავმჯდომარეობის ფორმატში გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ბატონმა ივიცა დაჩიჩმა მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ ხელშეკრულებას.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან.

საქართველოში ვიზიტისას ბატონი ივიცა დაჩიჩი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და ეწვია იძულებით ადგილნაცვალ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში.