საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას

9.01.2017 თბილისი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თურქეთის რესპუბლიკას. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ შეკრებაში, სადაც სიტყვით მიმართავს თურქ დიპლომატებს.
 
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს.
 
თურქეთში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დროს განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა, საუბარი ასევე შეეხება ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის ამბასადორიალში ასევე მონაწილეობენ ტუნისის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.