საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება

23.12.2016 ქ. დელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრები გაიმართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სუჯატა მეჰტასთან და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შრი აშოკ გაჯაპატისთან.
 
ინდოეთის რესპუბლიკაში გამართული ოფიციალური შეხვედრებისას განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ   2017 წელს, საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის პოლიტიკური,  ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
 
სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან შეხვედრაზე   მხარეებმა განიხილეს  თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის, ტრანსპორტისა და კინო-ინდუსტრიის სფეროებში. მხარეები მიესალმნენ  სამოქალაქო ავიაციის სფეროში განზრახვათა მემორანდუმის გაფორმებას, ასევე კმაყოფილება გამოითქვა  2017 წელს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის  შემადგენლობაშიც ავიაკომპანია „`Air India“-ს წარმომადგენლებიც შევლენ. ვიზიტის ფარგლებში მხარეები გამართავენ მოლაპარაკებებს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
 
ინდოეთიში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე  ეწვია ტექნოლოგიური მომსახურების  უმსხვილეს ცენტრს  „VFS Global“-ს. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნა  საქართველოში ვიზიტის  მსურველი ინდოეთის მოქალაქეებისათვის სწრაფი და ეფექტური სავიზო მომსახურების უზრუნველყოფის საკითხები.  საქართველოს დელეგაცია ადგილზე გაეცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.  აღსანიშნავია, რომ „VFS Global“სავიზო/საპასპორტო ტიპის მომსახურებას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და დიპლომატიურ მისიებს.