საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა

08.02.2017 საფრანგეთი, პარიზი - ​„ამ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, ევროპის ინტერესშია ყავდეს ისეთი დემოკრატიული და სტაბილური მოკავშირე, როგორც საქართველოა“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. 


მინისტრის თქმით, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს განსაკუთრებული როლი ეკისრება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. რეგიონის სტაბილურობა კი, პირდაპირაა დაკავშირებული ერთიანი ევროპის კეთილდღეობასთან.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა,  საქართველო უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოკავშირეა. საქართველო, ფრანგ პარტნიორებთან ერთად, წარმატებით მონაწილეობს ევროკავშირის მისიებში, რაც ადასტურებს „რამდენად გაცნობიერებულად აღიქვამს ევროკავშირი იმ საერთო გამოწვევებს, რომლებიც საფრანგეთს ევროპის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს“.

ეროვნული ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა საფრანგეთს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. „ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო არასდროს გადაუხვევს  მშვიდობიან გზას და არ დაკარგავს ევროპასთან დაახლოების  შესაძლებლობას. მხოლოდ დემოკრატულ და სტაბილურ საქართველოს შეუძლია გაერთიანდეს ევროპასთან და მშვიდობიანი გზით აიძულოს ოკუპანტი ქვეყანა დატოვოს მისი ტერიტორია.  ამ პროცესში  საქართველოს კრიტიკულად ესაჭიროება  საფრანგეთის მხარდაჭერა,  რომელიც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ  ღრმა ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობებსაც შეეხო. მან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრა, მათ შორის, თავდაცვის, ეკონომიკის, განათლების, ტურიზმისა და განათლების სფეროებში. 

დღესვე მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.