საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

15 დეკემბერი 2016, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო საქართველოსა და საფრანგეთს შორის თბილისში გამართულ ორმხრივ პოლიტიკურ კონსულტაციებში მონაწილე ფრანგული დელეგაცია, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორატის ხელმძღვანელი ფლორანს მანჟინი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის დასაწყისში, ქალბატონმა მანჟინმა ხაზი გაუსვა საქართველო-საფრანგეთის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას. ამასთან, კმაყოფილება გამოთქვა მინისტრის მოადგილესთან წარმატებული დისკუსიების გამართვის გამო და მოკლედ მიმოიხილა კონსულტაციებზე განხილული საკითხები.

მინისტრის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის ფონზე, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკური მიმართულებით, ასევე, თავდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს ლევილის მამულის გადმოცემის პროცესში გაწეული დახმარებისთვის და აცნობა, რომ მომავალში იქ კულტურული ცენტრის გახსნა იგეგმება.  

ასევე აღინიშნა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში საფრანგეთის განსაკუთრებული წვლილი და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, ხალხთაშორისი დიალოგის, ბიზნეს-კავშირების გამყარებას და იქნება რეგიონში ევროკავშირის წარმატებული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. 

განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მინისტრთან შეხვედრისას, ფრანგულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი სრული მხარდაჭერა.