საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში კორეის ელჩს (რეზიდენციით ბაქო) ჩოი სუკ-ინს შეხვდა

​2015 წლის 7 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მიიღო საქართველოში ვიზიტით მყოფი კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ბაქო) ჩოი სუკ-ინი. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გააქტიურებას.

მინისტრი მიესალმა კორეის მხარის გადაწყვეტილებას მიმდინარე წელს გახსნას თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ქ. თბილისში, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის  მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

კორეის ელჩმა გამოხატა მწუხარება მ.წ. ივნისში ქ. თბილისში მომხდარი წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის გამო და აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის მთავრობა განიხილავს საქართველოს მხარისათვის შესაბამისი დახმარების გაწევას მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.


პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი