საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხორვატიის ფორუმზე სიტყვით წარსდგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში „ხორვატიის ფორუმი 2015“. მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენს „ახალი განვითარების პოლიტიკა - გზა პარტნიორობისა და საერთო ხედვისაკენ“. ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში “საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკა: ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება“,  სადაც მასთან ერთად მომხსენებლებად წარსდგნენ  თურქეთის, შვედეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის,  მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრები და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი.
 
ფორუმზე საქართველო წარმოდგენილი იყო, როგორც რეგიონში წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების სტრატეგია სწორედ ეხმიანება საერთაშორისო კონფერენციის მთავარ საკითხს, რაც არის გლობალური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
 
თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და  დღის წესრიგზე, როგორც ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უმთავრეს პირობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა „ჩვენს მიერ გაწეულ ძალისხმევასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ასევე რეგიონში ჩვენი პარტნიორების აქტიური მონაწილეობა  იმ ჩარჩოს დაცვის თვალსაზრისით, რომელსაც ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობა ეყრდნობა. ამ კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებას, მკაფიო ევროპული პერსპექტივის დასახვას, ხოლო მომდევნო ეტაპზე ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ გვწამს, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე მოხდება საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების აღიარება და მიღებულ იქნება მტკიცე გადაწყვეტილება გაწევრიანების პროცესის დასაწყებად, რომელიც იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე„- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
 
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა  ხაზი გაუსვა განვითარების პროცესში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, ამ კონტექსტში მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა რეგიონში მიმდინარე მოვლენები „დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ კვლავ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების დღის წესრიგს. სახეზეა ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის რღვევა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპის კონტინენტზე არსებულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მოწმე ვართ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების გამუდმებული რღვევის, საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის. ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს ევროპის კონტინენტზე არსებობს.  მინდა დამსწრე საზოგადოებას შევახსენო, რომ ყველაფერი დაიწყო არა უკრაინაში, არამედ ბევრად უფრო ადრე, კერძოდ, 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრით, რაც  საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციით დასრულდა, ეხლა კი იდგმება ნაბიჯები ანექსიის მიმართულებით. ეს მყიფე სიტუაცია არის სწორედ ის გარემო, სადაც საქართველო კვლავ ერთგული რჩება თავისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევნის, ანუ არჩევნის, რომელიც  ევროპულ გზაზე განვითარებას გულისხმობს.„- განაცხადა მინისტრმა.
 
ხორვატიის ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა, აღსანიშნავია, რომ მასზე  საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის სახით წელს პირველად იყო წარმოდგენილი.  
კონფერენცია 2015 წლის 9 ივლისს გახსნეს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩმა, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვესნა პუსიჩმა. გახნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა  მაროშ შეფჩოვიჩმა. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს, როგორც მასპინძელ ხორვატ, ისე სხვა ევროპელ კოლეგებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.