საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან

2016 წლის 15 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  ბეტინა კადენბახთან (Bettina Cadenbach).

შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო პარტნიორობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების, ასევე ქვეყნის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად და წარმატებით დასრულების საკითხს, ასევე  2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის თემებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს ელჩად მუშაობის პერიოდში, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.