საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ-ფრანგული ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

16.12.2016 თბილისი - თბილისმა პირველად უმასპინძლა გერმანულ-ფრანგულ რეგიონალურ ამბასადორიალს, საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთში, თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების და ასევე  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა გერმანიისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე რეგიონალური ამბასადორიალის თბილისში ჩატარების შესახებ, რაც მისი შეფასებით ხაზს უსვამს საქართველო-გერმანია-საფრანგეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებს.

„რეგიონალური ამბასადორიალის საქართველოში, თბილისში ჩატარება არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო ადგას ძალიან მნიშვნელოვან გზას, ეს არის თანამშრომლობა, პარტნიორობა, ინტეგრაცია ევროპასთან. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიასთან და საფრანგეთთან ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ორივე ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხში, ასევე ეკონომიკური კავშირების გამყარების კუთხით ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

რეგიონალურ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობებზე საფრანგეთთან და გერმანიასთან, საქართველოს როლზე რეგიონში, სატრანზიტო პროექტებზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში მიმოიხილა საქართველოში არსებული მდგომარეობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ურთიერთობებზე გერმანიასთან და საფრანგეთთან და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების დიდ პოტენციალს.

„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან, რომელიც მიმართული იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების მოძიებაზე და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

გერმანულ-ფრანგული რეგიონალური ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მასთან მიმართებაში გერმანია-საფრანგეთის პოლიტიკაზე. ამბასადორიალის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს აღნიშნულ რეგიონში სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.