საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის 5-ე შეხვედრაში

2015 წლის 29 ივნისს, ქ. მინსკში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეხუთე შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების სესიის გარდა, ითვალისწინებდა შეხვედრას გარემოს დაცვის საკითხებზე.
 
ღონისძიებაში  ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღეს  საგარეო საქმეთა მინისტრმა,  თამარ ბერუჩაშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა.
 
ევროკავშირის მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი,  იოჰანეს ჰანი, გარემოს, საზღვაო და თევზჭერის საკითხებში ევროკომისარი,  კარმენუ ველა, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრი,  კასპარ გერჰარდსი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ქ-ნი ჰელგა შმიდი.  
 
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები და ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები.
 
გარემოს დაცვის საკითხების პარალელურად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რიგის სამიტის შედეგებზე, რიგის სამიტის დეკლარაციით განსაზღვრული პრიორიტეტებსა და მათი შესრულების მიმდინარეობაზე.
 
საქართველოს დელეგაციამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში კიდევე ერთხელ გამოხატა მზაობა აქტიურად განახორციელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული ამოცანები, მათ შორის გაატაროს ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული რეფორმები და პარტნიორებთან ერთად შემუშავებული კალენდრის შესაბამისად  შეასრულოს ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში დადგენილი ამოცანები.  კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი ევროკავშირის ქვეყნებთან ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმის გამართვისა და აღნიშნული პროექტის განხორციელების თაობაზე.
 
მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.  
 
ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა მზაობა აქტიურად გააგრძლოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური თავლსაზრისით.