საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიტვის სეიმის სპიკერთან, ლორეტა გრაიჟინიენესთან

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სეიმის სპიკერს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
ლორეტა გრაუჟინიენეს განცხადებით, ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და კვლავაც აგრძელებს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

მხარეებმა გამოხატეს რწმენა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ორივე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის აქტიური კავშირები შენარჩუნდება. მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სპიკერს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი, რაც დემოკრატიული განვითარების კონსოლიდაციას უწყობს ხელს. ასევე აღინიშნა, რომ არსებობს პოტენციალი მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა განათლების სფეროს და მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს, ქართველი სტუდენტებისათვის ლიტვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად სტიპენდიების გამოყოფისათვის, რაც ორი ქვეყნის მომავალი თაობების დაკავშირებას უწყობს ხელს.

ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს დაუდასტურა, რომ ესტუმრება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად.

ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გედიმინას კირკილასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის სხვა წევრები, როგორც მმართველი კოალიციის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ასევე ლიტვის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი ლიტვის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანია და მასში 68 დეპუტატი შედის.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ პარლამენტარებს, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ კავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.

მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი. ლიტველმა კანონმდებლებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და დაადასტურეს მზადყოფნა, აღმოუჩინონ მხარდაჭერა საქართველოს ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგის მოკლე დროში მისაღწევად, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მხრივ. მათი ინტერესის საფუძველზე მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინების შესახებ, ასევე გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების პროცესი. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრის ბოლოს სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში ვიზიტით ესტუმრონ საქართველოს.