საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელს ხალხს ჩინური ახალი წელი/გაზაფხულის ფესტივალი მიულოცა

26.01.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინურ ახალ წელთან/გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ძი იანჩიმ და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ჩინელ ხალხს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ორ ქვეყანას წარმატებული, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი წელი უსურვა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება.

„მოხარული ვარ  განვაცხადო, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის განსაკუთრებული მეგობრობის და პარტნიორობის შესახებ. ჩვენი ურთიერთობები არის ძალიან ინტენსიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა. წლიდან წლამდე ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ძლიერდება. გასული წელი იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ და ეს შედეგი გამოიხატა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულებით“ - განაცხადა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა გაღრმავდეს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფარგლებში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძლიერი საფუძველი აქვს, რაც მომავალი წარმატებების შესაძლებლობებს ქმნის.

„უკვე წლებია, რაც ჩინეთი ინარჩუნებს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის და  სავაჭრო პარტნიორის პოზიციებს საქართველოში. სულ უფრო თვალსაჩინოა ჩინური კომპანიების დაინტერესება და იზრდება ორმხრივი ეკონომიკური ბიზნეს კონტაქტები“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა გაზი გაუსვა ხალხთა შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს, ასევე გაძლიერებულ და ინტენსიურ კონტაქტებს კულტურის და განათლების სფეროში.

მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეზე, რომელიც 2017 წელს აღინიშნება და ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით საქართველოსა და ჩინეთში დაგეგმილ კულტურული ღონისძიებებზე.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.