საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებას დაესწრო

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა და მიხეილ ჯანელიძემ.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების ახალ შესაძლებლობებზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოსა და ბრიტანეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მან ბრიტანეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„მადლობა მინდა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული მოკავშირე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებულ თანამშრომლობას პოლიტიკურ სფეროში. ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხრივ, რისი ნათელი დასტურიც გახლდათ დღეს სერ ალან დუნკანის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ისაუბრა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველო იძლევა თავისი ღია, გამჭვირვალე და მარტივი ბიზნეს გარემოთი.

„ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ინვესტიციები განახორციელა საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე. წელს აღვნიშნავთ 20 წლის იუბილეს მას შემდეგ რაც BP-იმ პირველი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. ეს თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ახალ პროექტებზე“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორის ხალხთაშორის ურთიერთობებს, კულტურულ კავშირებს და საგანმანათლებლო სფეროს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ ჯანელიძემ სერ ალან დუნკანს მომდევნო რაუნდის დიდ ბრიტანეთში ჩატარების ნიშნად „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ სიმბოლო გადასცა.