საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - ცხივალის რეგიონის და აფხაზეთის - 'დამოუკიდებლობის' აღიარებასთან დაკავშირებით

2009 წლის 10 სექტემბერს, მოსკოვში ვიზიტის დროს ვენესუელის დიქტატორმა უგო ჩავესმა გააკეთა განცხადება, რომ ვენესუელა აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - დამოუკიდებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ვენესუელის ამ უკიდურესად არამეგობრულ ქმედებას და მიაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების ასე ხელაღებით დარღვევა თავად ვენესუელისთვის იქნება კონტრ-პროდუქტიული. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილებით ვენესუელის დიქტატორი ახდენს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მომხდარი ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ვენესუელის დიქტატორის ამ გადაწყვეტილების შედეგად მოხდება საერთაშორისო სამართლის პატივისმცემელი სახელმწიფოების შემდგომი კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პრინციპის გარშემო. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ ვენესუელის დიქტატორის ეს გადაწყვეტილება ვერ ახდენს გავლენას საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივ მდგომარეობაზე და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ იარაღით და ფულით ნაყიდ ამ აღიარებას არაფერი აქვს საერთო ვენესუელელი ხალხის არჩევანთან. ჩვენ გვჯერა, რომ ვენესუელის დიქტატორის გადაწყვეტილება გაუქმდება მაშინვე, როდესაც ვენესუელის მოსახლეობა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად აირჩევს ახალ ხელისუფლებას. უფრო მეტიც, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები რუსეთის უპასუხისმგებლო ხელისუფლების მიერ იფლანგება ეფემერული საგარეო პოლიტიკური კაპრიზების დასაკმაყოფილებლად. ყველასათვის ნათელია, რომ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება ვენესუელის დიქტატორმა სწორედ იმ რამდენიმე ასეულ მილიონიანი კრედიტის და დიდი რაოდენობის იარაღის სანაცვლოდ მიიღო, რომელსაც მას დღეს რუსეთის ხელისუფლება დაჰპირდა.

რუსეთის ფედერაციის მმართველი ტანდემის - პუტინისა და მედვედევის სტატუსზე მსოფლიოში ნათლად მეტყველებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის საკითხზე მათი უახლოესი პარტნიორების - უგო ჩავესისა და დანიელ ორტეგას ვინაობა და რეპუტაცია. ასეთი კომპანიის პირობებში რუსეთის საგარეო პოლიტიკა კვლავაც განწირული რჩება კონფრონტაციულობასა და თვით-იზოლაციაზე.

თბილისი, 2009 წლის 10 სექტემბერი