საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება წყნარი ოკეანის სამხრეთში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს წყნარი ოკეანის სამხრეთში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის - ტროპიკული ციკლონი „პემის“ შედეგად დამდგარი  მასშტაბური ნგრევისა და მატერიალური ზარალის გამო.

ამ დამანგრეველი ძალის მქონე ბუნებრივი მოვლენის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ვანუატუს რესპუბლიკა, სადაც ციკლონს მოჰყვა მსხვერპლი, ხოლო სხვადასხვა კუნძულები და განსაკუთრებით დედაქალაქი პორტ ვილა თითქმის მიწასთან არის გასწორებული.

ასევე დამანგრეველი ზიანი მოუტანა ციკლონმა ტუვალუს რესპუბლიკას, სადაც მიმდინარეობს ზარალის შეფასება.

საქართველო თანადგომას გამოხატავს ვანუატუელი და ტუვალუელი ხალხის მიმართ და მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს დაზარალებული კუნძულებისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენის საერთაშორისო ძალისხმევაში.

აღსანიშნავია, რომ ვანუატუმ 2013 წელს, ხოლო ტუვალუმ 2014 წელს დაამყარეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები და აღიარეს  საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
 
თბილისი, 2015 წლის 16 მარტი