საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2015 წლის 2 აპრილს კენიაში გარისას უნივერსიტეტის კოლეჯზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2015 წლის 2 აპრილს კენიის გარისას უნივერსიტეტის კოლეჯზე ალ-შაბაბის ტერორისტული დაჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 150-მდე და დაიჭრა 80 ადამიანი.

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედოვნებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.

საქართველო მხარს უჭერს კენიის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს კენიის მთავრობას და კენიელ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.


თბილისი, 2015 წლის 3 აპრილი