საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ევროკავშირს, E3+3 (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი)  ქვეყნებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის პარამეტრებთან დაკავშირებით.

ქართული მხარე გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუსს და დიალოგის გზით შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული რთული საკითხების გადაჭრის გზებზე. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მიღწეული პარამეტრების საფუძველზე მხარეები დათქმული ვადისთვის შეიმუშავებენ ქმედით ყოვლისმომცველ შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი პროცესი წარიმართება შეთანხმების სრული დაცვით.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს რეგიონისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს და მიესალმება მოლაპარაკებებში ჩაბმული მხარეების განსაკუთრებულ ძალისხმევას ამ მიმართულებით.

თბილისი, 2015 წლის 6 აპრილი