საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის რესპუბლიკის მთავრობების გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ორივე ქვეყნის დედაქალაქში საელჩოების გახსნის თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს სჯერა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს არა მარტო თანამშრომლობის ყველა სფეროში აშშ-კუბის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არამედ პოზიტიურად აისახება როგორც რეგიონულ ისე გლობალურ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე.
 
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფოებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტას კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების გზით - საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების პატივისცემით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. 
 
აქვე ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ქ. ჰავანაში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ საელჩოს გახსნასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება.