საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გასულ კვირას ნიგერიის ფედერალურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს გასულ კვირას ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბორნოს და იობის შტატებში და ასევე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე  ქალაქ ჯოსში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამ“-ის მიერ განხორციელებულ  თავდასხმებს, რომელთაც  200-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო მხარს უჭერს ნიგერიის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება არსებული გამოწვევების დაძლევა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ნიგერიელ ხალხს.

თბილისი, 2015 წლის 6 ივლისი