საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება TPP-ის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ტრანს-წყნარი ოკეანეთის პარტნიორობის (TPP) პროცესის მონაწილე სახელმწიფოთა ვაჭრობის მინისტრების ერთობლივ განცხადებას TPP-ის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.

წყნარი ოკეანეთის რეგიონში ახალი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ვაჭრობის მსოფლიო სისტემის შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით.  

საქართველო განიხილავს საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციას და მაღალი სტანდარტების დანერგვას, როგორც მსოფლიოში განვითარების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტურ ინსტრუმენტს.

ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებით და რეგიონის 12 ქვეყანასთან მოქმედი ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმით საქართველო არის მსოფლიო ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის აქტიური მხარდამჭერი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს ტრანს-წყნარი ოკეანეთის პარტნიორობის (TPP) პროცესის მონაწილე ყველა სახელმწიფოს მრავალწლიანი მუშაობის წარმატებულ დასრულებას და გამოთქვამს იმედს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს TPP-ის მონაწილე სახელმწიფოებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.