საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მალის დედაქალაქ ბამაკოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2015 წლის 20 ნოემბერს მალის დედაქალაქ ბამაკოში ტერორისტების  მიერ სასტუმრო რედისონ ბლუში უდანაშაულო ადამიანებზე განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებსა და მთავრობებს.

გასულ წლებში მალი ექსტრემიზმთან დაკავშირებულ უდიდეს გამოწვევებს გაუმკლავდა გაეროსა და ცალკეული სახელმწიფოების მხარდაჭერით. მალიში სტაბილურობა და მშვიდობა კვლავ რჩება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან მიზნად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულ თანადგომას უცხადებს მალისა და მის ხალხს მშვიდობისა და უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და ტერორიზმის დამარცხების საქმეში.