საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საფრანგეთში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის „ბასტილიის აღების დღეს“, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.