საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

11.01.2017 თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს 2017 წლის 10 იანვარს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰსა და ქალაქ ყანდაჰარში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელთა შედეგად დაიღუპა ორმოცდაათზე და დაშავდა ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის  არაბთა გაერთიანებული საემიროების ჰუმანიტარული მისიის ხუთი წარმომადგენელი.
 
ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო,  მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება არსებული გამოწვევების დაძლევა.   
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს როგორც ავღანეთის, ისე არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.