საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თუნისის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია

2015 წლის 1-2 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით ვიზიტით იმყოფება თუნისის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, 1 დეკემბერს გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და თუნისის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. კონსულტაციებს თუნისის მხრიდან ხელმძღვანელობდა თუნისის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი მუჰამედ ეზზინ ჩელაიფა.
 
კონსულტაციებზე განხილულ იქნა საქართველოსა და თუნისის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი, მათ შორის ურთიერთობების განვითარება პოლიტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და დასახეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარების გეგმები, რაც მოიცავს სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატების შექმნას. თუნისის მხარე დაინტერესდა საქართველოს სამოქალაქო სერვისების განვითარებითა და უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული რეფორმებით და გამოხატა მზადყოფნა ეწვიოს საქართველოს რეფორმების გაზიარების მიზნით.
 
შეხვედრისას ქართულმა მხარემ დაგმო უკანასკნელ პერიოდში თუნისში განხორციელებული ტერორისტული აქტები და დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა თუნისის ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და სტაბილურობის განმტკიცებას. თავის მხრივ, თუნისის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
კონსულტაციების შემდგომ მხარეებმა ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ  ოქმს, რომელიც არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და თუნისის რესპუბლიკას შორის. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ახლო მომავალში მოხდება ორმხრივი სამართლებრივი ბაზის კიდევ უფრო განვითარება.
 
ვიზიტის ფარგლებში, 2 დეკემბერს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა თუნისის სავაჭრო-სამრეწველო და ტრადიციული მრეწველობის გაერთიანების (UTICA) ხელმძღვანელობასთან. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და „UTICA“-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.