საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის კომენტარი

კითხვა: რა შეფასებას მისცემდით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის კომენტარს, რომელიც შეეხება 20 ივლისს გამართული ინციდენტების თავიდან აცილების და რეაგირების ერთობლივი მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრას.

პასუხი: ერგნეთში შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე  ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ უკანონოდ დამონტაჟების საკითხი.

რუსეთის საგარეო უწყება ამჯერადაც ტრადიციულად აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად წარმოქმნილი საკუთარი ე.წ. „რეალობის“ ტირაჟირებას და ჯიუტად მოიხსენიებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთსა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცხინვალის რეგიონს „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩრდილოეთიდან საქართველოს ერთადერთ მეზობელს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, რომელსაც  ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და ახორციელებს მცოცავ ანექსიას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ უკანონო, პროვოკაციულ ნაბიჯებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვას, ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის დაძაბვასა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების დაბრკოლებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების უპირობო გასვლას ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს შეეგუება მისი რეგიონების ოკუპაციას და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ყველა მშვიდობიან საშუალებას გამოიყენებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველო კიდევ ერთხელ მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან თავი შეიკავოს მსგავსი პროვოკაციებისგან და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიების დე-ოკუპაცია.