საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის კომენტარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით

2015 წლის 6-7 ოქტომბერს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 33-ე რაუნდი.
 
საქართველოს დელეგაცია განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მონაწილეობას და იმედს გამოთქვამს, რომ  დანარჩენი მონაწილეებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან  მოლაპარაკებებს. ამ თვალსაზრისით, დადებითი პრეცედენტები უკვე შეიქმნა წინა რაუნდებზე.
 
ტრადიციულად, ქართული მხარე დააყენებს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობის საკითხს.
 
მიმდინარე რაუნდზე საქართველოს დელეგაცია  განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს. ქართული მხარე ყველა ღონეს იხმარს, რათა სათანადო ზომები იქნას მიღებული იქ მცხოვრები  მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად.