საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული “2014 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი შედეგებისა და საშუალოვადიანი პერსპექტივის ამოცანები შესახებ“ დოკუმენტის თაობაზე

რუსეთის საგარეო უწყება ტრადიციულად აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად წარმოქმნილი საკუთარი რეალობის ტირაჟირებას და ჯიუტად მოიხსენიებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“. ამასთან, კრემლი  ცინიკურად სთავაზობს ქართულ მხარეს საკუთარ რეგიონებთან გააფორმოს დოკუმენტი ძალის არგამოყენების შესახებ. გაუგებარია დოკუმენტის ტონი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავაც ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლებიც რუსეთის მიერვე არის ოკუპირებული. საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა და იგნორირება სამწუხაროდ რუსეთის საგარეო უწყებისათვის დამახასიათებელ საფირმო ნიშნად იქცა, რის შესახებაც მხოლოდ წუხილი შეიძლება გამოვთქვათ. 

ანგარიშის გაცნობა ნათელყოფს, რომ რუსეთის საგარეო უწყების უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მაინც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციაა. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს, თუ რომელ გაერთიანებაში ან ალიანსში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში წევრობისაკენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და პოლიტიკური სპექტრის არჩევანია.