საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

მოგესალმებით,

მინდა მიმოვიხილო გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები და გაცნობოთ მომდევნო კვირაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

გასული კვირის მოვლენებიდან ავღნიშნავდი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმატებულ ვიზიტს. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  შეხვედრები ჰქონდა ხელისუფლების ყველა შტოსთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრთან. გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების მხარდაჭერისა, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებს. რუმინეთი მყარად გვიჭრეს მხარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თვის ბოლოს, ასევე იგეგმება  რუმინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი.

2015 წლის 12-15 თებერვალს გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი საქართველოში. გერმანულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბუნდესტაგის პრეზიდენტი ნორბერტ ლამერტი. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან ურთიერთობას და მათი მხრიდან  ევროატლანტიკურ სივრცეში  ჩვენი ინტეგრაციის მხარდაჭერას. გერმანიის მხარესთან ბოლო პერიოდში ურთიერთობა წარმატებულად და დინამიურად მიმდინარეობს. საქართველოში ორჯერ ბრძანდებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გერმანიაში. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს მუშაობა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

2015 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიის რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ხორვატიის არჩეული პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა არჩეულ პრეზიდენტთან კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ვესნა პუსიჩთან. ხორვატიასთან ურთიერთობები  დინამიურად ვითარდება.  ხორვატია არის ქვეყანა, რომელსაც კარგი გამოცდილება აქვს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე  და ჩვენთვის  სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება ამ გამოცდილების გაზიარება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ნაწილის თვალსაზრისით. 

2015 წლის 19 თებერვალს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი. საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციათა გაფართოებულ ფორმატში. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კულტურის სფეროებში.

16-20 თებერვალს საქართველოს, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებს ვიზიტით ეწვევიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან, მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ იმას, რომ ჟენევის ფორმატი არის ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, სადაც წყდება კონფლიქტის დარეგულირების უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები ეწვევიან ოკუპირებულ რეგიონებსაც, რათა  ადგილზე გაეცნონ არსებულ  ვითარებას. ეს ვიზიტი პირველ რიგში ემსახურება ჟენევის მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის დღის წესრიგის შემუშავებას. 

ქართული მხარე კვლავ ხაზს გაუსვამს, რომ რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება“, ასევე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოსაწერად მომზადებული ე.წ. „ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულება უხეშად არღვევს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ისე რუსეთის სხვა საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ხაზი გაესმება იმ ფაქტს, რომ  ამ ქმედებით გრძელდება ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს თანათავმჯდომარეებს, სათანადო შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. 

18-20 თებერვალს ქ. ვენაში გაიმართება ეუთო-ს  საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე სპეციალური სესია მიეძღვნება უკრაინის კრიზისს. ღონისძიების ფარგლებში, იგეგმება საქართველოს დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს ინსტიტუტებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.

16-18 თებერვალს ქ. მასკატში (ომანის სასულთნო) დაგეგმილია საქართველოსა და ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის გამართვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს  დელეგაციას უხელმძღვანელებს მინისტრის მოადგილე  დავით ჯალაღანია. აღსანიშნავია, რომ  კონსულტაციების გამართვა ხორციელდება ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის 2012 წლის სექტემბერში გაფორმებული თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში. ვიზიტის დროს გაიმართება ქართული დელეგაციის შეხვედრები ომანის სასულთნოს ოფიციალურ პირებთან, ასევე სავაჭრო და საინვესტიციო პროფილის სტრუქტურებთან.  დელეგაციის ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლასა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას.

კითხვა: გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით. თუ შეგიძიათ გვითხრათ, როდისთვის ელოდებით ვასილ ციბენკოს საგარეო საქმეთა სამინისტროში? კონკრეტულად რა შეკითხვები გექნებათ? გასაგებია, რომ იქნება საუბარი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ გარდა ამისა,  იქნება თუ არა საუბარი, მაგალითად ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც ასევე იმყოფება კიევში?

პასუხი:  კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვადასტურებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით,  რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს და გვექნება მეგობრული ურთიერთობა. დღეს უკრაინაში შექმნილი ვითარება ძალიან რთულია.  ამიტომ მისი თანადგომა არის უპირველესი მოვალეობა. ამ პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას, რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეუშლის. რაც უკრაინის მთავრობამ განახორციელა, ჩვენთვის ერთგვარად გასაკვირი იყო. რაც შეეხება ელჩს, ჩვენ მოვიწვიეთ იგი. ელჩი გახლავთ სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყანაში. ჩვენ ხშირად ვიწვევთ ელჩებს სხვადასხვა საკითხებზე  სასაუბროდ. რა კითხვები იქნება, ჯერ ვერ დავაკონკრეტებ. ასეთი შეხვედრები არის კიდევ ერთი საკომუნიკაციო წყარო, რომელიც დიპლომატიურ დონეზე ხდება, ამიტომ ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.   

კითხვა: დიდი ხანია საუბარია, პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ ვიზიტზე უკრაინაში. როგორც ვიცით, თავის დროზე ამ ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა. ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლებაში განხორციელებულმა დანიშვნებმა შეიძლება თუ არა იქონიოს  გავლენა ამ ვიზიტზე და შედგება თუ რა ეს ვიზიტი?

პასუხი: ამ ბოლო დროს,  გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინასთან საქართველოს აქვს ნაკლები კომუნიკაცია. მე ამ ინფორმაციას  არ ვეთანხმები. მაგალითისთვის: ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში იმყოფებოდა  საპარლამენტო დელეგაცია, ასევე   ვიცე პრემიერი - ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  და ვიცე პრემიერი- ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესტუმრა უკრაინას. ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. ამ პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა დავით ჯალაღანია. ყველაფერი ძალაში რჩება, არაფერი შეცვლილი არ არის. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ ორ ქვეყნას შორის კეთილმეზობლურ და კარგ დამოკიდებულებას რამემ შეუშალოს ხელი.

კითხვა: ანუ როდის იგეგმება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი?

პასუხი: ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით.  თარიღი შესათანხმებელია  მხარეებთან. როგორ კი გაირკვევა, გაცნობებთ ამის შესახებ. გეგმები არ შეცვლილა. 

კითხვა: ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე გკითხვათ. თეა წულუკიანის შემთხვევაში იყო ასეთი ფაქტი, რომ მისი უკრაინელი კოლეგა  ამ ეტაპისთვის ვერ მოიცლის და ვერ შედგებოდა ეს საპასუხო ვიზიტი. ამ შემთხვევაშიც მსგავსი პრობლემის წინაშე ხომ არ ვდგავართ? როგორ წარმოგიდგენიათ ვიზიტი, როცა მრჩევლებად არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში იძებნებიან?

პასუხი: ის რაც ქალბატონი თეას შემთხვევაში მოხდა, ამის შესახებ უმჯობესია თავად ქალბატონ თეას ჰკითხოთ. მე გეუბნებით, რომ  ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ რამე ჩაიშალოს. შეიძლება გადაიდოს ვადები, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ ჩვენ  გეგმები შევცვალოთ. 

კითხვა: იგეგმება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელთა ვიზიტი საქართველოში. იქნებ გვითხრათ, რა არის ამ ვიზიტის მიზანი?

პასუხი: 16-20 თებერვალს ჩამოდის  შემფასებელთა მისია, რომელიც განიხილავს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მესამე ბლოკს. მესამე ბლოკი  მოიცავს ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკებთან ბრძოლას, ასევე თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში. უფრო ინტენსიური შეხვედრები იქნება იმ შესაბამის უწყებებთან, რომლებსაც ეხებათ ეს საკითხები. დელეგაცია ამ შეხვედრების საფუძველზე მოამზადებს შეფასებას. ამის შემდეგ, ჩვენ გვეცოდინება რა პოზიტივი გვაქვს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, მარტის პირველ ნახევარში ვიზა ლიბერალიზაციის ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით მეორე, მესამე და მეოთხე ბლოკის განსახილველად  კიდევ ველოდებით დელეგაციებს. ასე რომ, მათი აქ ჩამოსვლა ემსახურება იმას, რომ ადგილზე გაეცნონ იმ სიტუაციას, იმ რეფორმებს, იმ მიმდინარეობებს, რაც ვიზა ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. რათა შემდგომ დადონ თავიანთი დასკვნები.  
კითხვა: ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ქვეყანასთან უმიზეზოდ გაამკაცრა სავიზო რეჟიმი, რამაც გავლენა იქონია იგივე ლარის კურსზე, საქართველოში ტურისტების რაოდენობაზე. თქვენი შეფასება?

პასუხი:    ვიზების შემოღების საკითხი არ იყო ცალკე განყენებული საკითხი. ეს იყო სურვილი მოგვეწესრიგებინა ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკა.  არსებობდა 2012 წელს შექმნილი მიგრაციის კომისია, რომელშიც არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ყველა შესაბამისი უწყება იყო წარმოდგენილი, მათ შორის საგარეო საქმეა სამინისტროც. დაისახა გეგმები, გადაიდგა ნაბიჯები, გადაიხედა სავიზო პოლიტიკა. ამ მუშა პროცესში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები. ამას გიდასტურებთ. როცა ხარვეზები არსებობს, ისინი უნდა გამოასწორო. ამ მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.  შემოვიღეთ ვიზის ელექტრონულად გაცემის  სისტემა, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ვიზის მიღების პროცედურას. იცით, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც ახალი სავიზო წესების ამოქმედების შემდგომ იმყოფებოდნენ საქართველოში, მიეცათ საშუალება, რომ მიმდინარე წლის 15 მარტამდე მოეწესრიგებინათ საბუთები.  გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში დარჩენის მსურველ  ის უცხოელებს, ვინც შემოვიდა 2014 წლის 17 მარტის შემდგომ, მიეცა საშუალება აიღოს ბინადრობის ნებართა და ა.შ. 

კითხვა: საუბარი იყო ლარის კურსთან დაკავშირებით. ხომ არ არის დაგეგმილი  რიგ ქვეყნებთან გადაიხედოს ეს პოლიტიკა?

პასუხი: მეც ვუსმინე ამ ინტერვიუს. ლარის კურსი ერთი თემა იყო და ტურისტების ნაკადის შემცირება მეორე. 

კითხვა: გერმანიის კანცლერის ვიზიტი ახსენეთ. სავარაუდოდ როდის შედგება ანგელა მერკელის ვიზიტი და რა ეტაპზეა მოსამზადებელი სამუშაოები. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?

პასუხი: ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. დაახლოებით წლის პირველ ნახევარში.  ჩვენი საელჩოც და გერმანიის მხარეც ამ საკითხზე ვმუშაობთ.