საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

მოგესალმებით,

დღევანდელ ბრიფინგს, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებით დავიწყებ. აღნიშნული ვიზიტი, შეხვედრების თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.  გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები როგორც აშშ-ის აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. 

ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს: ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს, ევროპული საკითხების უფროს დირექტორს ჩარლზ კაპჩანს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ტონი ბლინკენს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს. ასევე, კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს ბრუს ენდრიუს და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს დანა ჰაიდის.

მინისტრი ასევე შეხვდა 12-მდე სენატორსა და კონგრესმენს. ძალზედ წარმატებული შეხვედრები ჰქონდა ქალბატონ თამარს აშშ-ის წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის აღსანიშნავია „ატლანტიკური საბჭო“, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი“ (CSIS) და „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI).

მინისტრი სიტყვით გამოვიდა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“. მან ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც აშშ-ის, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ყველა შეხვედრისას აშშ-ის სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზგასმით დააფიქსირეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მათი მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა და სურვილი. დაიგეგმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული/ომნიბუს სესიის ორგანიზება თბილისში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სხდომას წარუძღვება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. 

გარდა პოლიტიკური დიალოგისა, ვიზიტის ფარგლებში, ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე, მათ შორის ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პერსპექტივაზე. ასევე გაგვაჩნია  ბიზნეს და სავაჭრო მისიების გაცვლის პერსპექტივებიც.  ამ კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკის სავაჭრო მისია განხორციელდება 11-13 მარტს, საქართველოში;

ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 5 თებერვალს გაიმართა საქართველო-აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა, სადაც სწორედ  აშშ-ს სავაჭრო მისიის (U.S. trade mission) საქართველოში ვიზიტის მომზადებელი საკითხები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული ეკონომიკური საბჭოს ეკონომიკური სამსახურის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა პირებმა.  გადაწყდა, რომ ვიზიტის ფარგლებში იგეგმება 10-მდე მსხვილი ამერიკული კორპორაციის რეგიონული გენერალური მენეჯერის სტუმრობა საქართველოში, რათა შესწავლილ იქნას საქართველოში ამ კომპანიების მიერ საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა. 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ვიზიტის ფარგლებში გაიმართოს შეხვედრები საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, დარგობრივ უწყებებთან და საქართველოს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

მინდა დავუბრუნდე მინისტრის ვიზიტს აშშ-ში,  და ავღნიშნო, რომ  ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე.  მზარდი საფრთხეების განხილვისას აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და ყირიმის ანექსია პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე. ასევე, განხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მათი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯები, ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის და ჩართულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ამ პროცესში აშშ-ის წამყვან როლს. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისა და ნატოს სამიტის მოლოდინებზე, რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე უკრაინაში და ხაზი გაუსვეს ევროკავშირისა და აშშ-ს ერთიანობის მნიშვნელობას მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირების თვალსაზრისით;

მნიშვნელოვანი იყო 5 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა  თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. განხილული იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები.  შეხვედრაზე მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაფიქსირებულია არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული წარმატება. განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, ნატო-ს ოპერაციებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ქვეყნის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება და გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთთან მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებასთან დაკავშირებით. განცხადებაში მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან.

გასული კვირის მოვლენებიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს  საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას - EFTA (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი) შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომა,  რომელიც თბილისში 4 თებერვალს გაიმართა. სხდომაზე მხარეებს შორის შეთანხმდა, რომ  საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების თაობაზე  მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართოს ქ. თბილისში 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგი საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის ძალისხმევის. შეიძლება ითქვას, რომ DCFTA-ს ამოქმედების შემდეგ, ეს გახლავთ კიდევ ერთი სერიოზული მიღწევა ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და თუ მივაღწიეთ EFTA-სთან აღნიშნულ შეთანხმებას, ის დიდი ბენეფიტების მომტანი იქნება ქართული ეკონომიკისთვის. 

მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი ეკონომიკური პროფილის შეხვედრის შესახებ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. სამთავრობოთაშორისო კომისიების  ფორმატის ტიპის შეხვედრები. სწორედ ასეთი კომისიის მეორე  სხდომა შედგა ბელარუსში. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის მინისტრი. დელაგაციის შემადგენლობაში იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. იგი შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ალექსანდრე მიხნევიჩს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. ბელარუსის მხარემ გამოხატა მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიზიტის ფარგლებში  დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბელარუსის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომის მუშაობაში.  სხდომაზე გაფორმდა ოქმი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.  მასში აისახა ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, როგორიცაა ბელორუსთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნება. საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელორუსის ვიცე-პრემიერთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბელორუსი საქართველოს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს და დაინტერესებულია მასთან გააქტიუროს კეთილმეზობლური ურთიერთობები. თქვენ იცით, რომ იგეგ მება ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. 
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პოლონეთი გახდა მე-13 ქვეყანაა, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.  საქართველოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით მადლობას უხდით მთლიანად პოლონეთის მთავრობას მხარდაჭერისა და იმ პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს  გააჩნია.  კენჭისყრაზე, საქართველოს ევროპასთან ასოცირებას 439-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ წასულა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. 

2015 წლის 5-6 თებერვალს, „ევროკონვენშენ გლობალ“-ის (Euroconvention Global) ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტის სამინისტროსა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეურვეობით, თბილისის საგამოფენო ცენტრში („ექსპო-ჯორჯია“) გაიმათა მეორე ყოველწლიური სამიტი „საინვესტიციო შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაში“ (2nd Annual South Caucasus Infrastructure&New Energy Summit).

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა.  სამიტის მუშაობაში, მონაწილეობას ღებულობდნენ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: ევროკავშირი, ეუთო, EBRD, IFC, KfW development Bank, Fitch Ratings, USAID, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე მომუშავე ევროპული, ამერიკული, იაპონური, სამხრეთ კორეული და თურქული მსხვილი კომპანიები. 

როგორც მოგეხსენებათ მიუნხენში დასრულდა უსაფრთხოების კონფერენცია. ქართულ დელეგაციას ამ ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო ეს კონფერენცია, იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება.
როგორც პრემიერმა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში გამართეს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები. მათ შორის ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან.   ეს შეხვედრა გახლავთ ამერიკისა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტური, სადაც ჩვენ შეერთებული შტატების მხრიდან მივიღეთ ურყევი მხარდაჭერა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხში, რაც საქართველოს უკავშირდება. 

აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ავღანეთის პრეზიდენტთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ჩართულია ნატოს ახალ მისიაში ავღანეთში და ზოგადად დიდი კონტრიბუციას ეწევა ამ ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ასევე შედგა პრემიერის მნიშვნელოვანი შეხვედრები ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. 
მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე და მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა ქვეყნის ძირითადი გზავნილები.
მინდა გითხრათ, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა თამარ ბერუჩაშვილსაც. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიის, შვედეთის და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.  საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. შვედ კოლეგასთან,  შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვედეთის, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის თანაავტორის, განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.  საქართველო მიიწვიეს სტოკჰოლმში დაგეგმილ კონფერენციაზე,  სადაც მთავრობას საშუალება ექნება წარსდგეს ანგარიშით ბოლო დროს ქვეყანაში განხორციელებული  რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ.  

ნორვეგიის სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ბიორნ ბერგთან შეხვედრის დროს განხილული იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები სხვადსხავა პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით.

ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუვეითის განვითარების ფონდთან თანამშრომლობას და პრიორიტეტულ პროექტებზე მუშაობას.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან. შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი  დრო დაუთმეს რეგიონში მიმდინარე პროცესებს და იმ საკითხებს, რაც ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის საფრთხეზე, კერძოდ, რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან  გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულებასა“ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ანალოგიური დოკუმენტის პროექტზე.  ეს არის კიდევ ერთი მცდელობა მოხდეს ანექსირება უკვე ოკუპირებული ტერიტორიების.   

ასევე მინდა გაგაცნოთ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  
დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი  უნგრეთში. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს თავის უნგრელ კოლეგასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უნგრეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრს, ვიზიტში თან ახლავს მთავრობის ეკონომიკური ჯგუფი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

2015 წლის 12-13 თებერვალს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა რუმინეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ. 

13 თებერვალს, დაგეგმილია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ამასთან, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. 12 თებერვალს, ბოგდან აურესკუ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავების საერთაშორისო სემინარის გახსნაში. 

კითხვა: ბატონი დავით, თუ არის თქვენთვის ცნობილი ვინ დაიკავებს ლევან დოლიძის შემცვლელის თანამდებობას. რა ვადებში შეიძლება იქნეს დასახელებული კანდიდატი?

პასუხი: ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ნატოში საქართველოს მისიას ჰყავდეს ხელმძღვანელი. ვსარგებლობ შემთხვევით და სამინისტროსა და მინისტრის სახელით ლევან დოლიძეს დიდ მადლობას ვუხდი ნაყოფიერი და კარგი მუშაობისთვის, რაც მან  თავისი  საქმიანობის პერიოდში გასწია. კონკრეტულ გვარს და სახელს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ. შერჩევის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს არის ხელმძღვანელობისა და მთავრობის გადასაწყვეტი. 

კითხვა:  არის  თუ არა  ჯონ კერის ვიზიტის თარიღი ცნობილი?

პასუხი:  ზუსტი თარიღის შესახებ ვერ გეტყვით. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი და სურვილი, რომ იგი ეწვიოს საქართველოს.