საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის დავით კერესელიძის ბრიფინგის ჩანაწერი

მოგესალმებით,

გვსურს ორიოდე სიტყვით შევეხოთ გასული კვირის  მოვლენებს, რომელიც დატვირთული იყო მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენებით.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ გრძელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. 26 მარტს გერმანიის ბუნდესტაგმა - ფედერალური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ - მოახდინა ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია. გერმანიის, როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ეს ფაქტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანია მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან და ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს. აღსანიშნავია, რომ ბუნდესტაგის სხდომას ესწრებოდა გერმანიის ფედერალური კანცლერი, ანგელა მერკელი. საკითხი გამოიტანა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის გუნდმა.
 
გასულ კვირას ასევე ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ორი მოსმენით დაამტკიცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი. საკითხზე ასევე იმსჯელა ფინეთის შვედურენოვანი ოლანდის ავტონომიური რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ, რომელმაც 25 მარტს მეორე მოსმენით ასევე დაამტკიცა აღნიშნული დოკუმენტი.
 
ხელშეკრულების რატიფიკაცია დასრულების სტადიაშია პოლონეთშიც. დოკუმენტი პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა ხელმოსაწერად.  საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს 16 ქვეყანა და ევროპარლამენტი, ვინც უკვე მოახდინა საქართველოსთან  ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია.
 
აღსანიშნავია, რომ თემა, რომელსაც მინდა შევეხო, აქტუალობიდან გამომდინარე ყოველთვის იქნება დღის წესრიგში. ჩვენ ისევ ვსაუბრობთ  ე. წ. ხელშეკრულების ხელმოწერაზე მოსკოვსა და ოკუპირებულ რეჟიმებს შორის და იმ გამოხმაურებებზე, რომლებიც ჩვენი მხარდაჭერის კუთხით  სხვადასხვა ქვეყნების მიერ გაკეთდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებლებმა, მაიკლ ასტრუპ იენსენმა  და ბორის ცილევიჩმა „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება დაგმეს. „რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი ანალოგიური ხელშეკრულების მსგავსად, ეს ხელშეკრულებაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის მაგალითს, რაც,  ადამიანთა შორის ურთიერთობების განმტკიცების ნაცვლად, კიდევ უფრო აღრმავებს მათ შორის გათიშულობას. ამგვარი ქმედება მხოლოდ დაგმობას იმსახურებს“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გასულ კვირას მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ლიტვის სეიმმა. კერძოდ  სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული  ,,მცოცავი" ანექსიის  შესახებ. განცხადება გმობს  რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთისა და ცხინვალის  საოკუპაციო რეჟიმებს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს და 2015 წლის 18 მარტს გაფორმებულ ე. წ. „ხელშეკრულებებს“ და ხაზგასმით აცხადებს, რომ ამგვარი „ხელშეკრულებები“ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. დოკუმენტში გამოხატულია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი - საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გაუსვათ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ფონზე საქართველომ მიიღო მისი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციებისგან. მხარდამჭერი განცხადებები გააკეტეს: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლებმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, აშშ-ის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, იაპონიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, უკრაინის, ჩეხეთის საგარეო უწყებებმა, ასევე გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ საკითხს ჩვენ ვაჟღერებთ ყველა ნებისმიერ  ფორუმზე.  
18 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1223-ე სხდომა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე კორკელიამ გააკეთა განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე. წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი და  განცხადება გააკეთა ე. წ. „ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით.   განცხადებას მიუერთდა ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა.

19 მარტს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომას სიტყვით მიმართა. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, მთავარი თემა იყო ე. წ.  ხელშეკრულებები, მათი გავლენა და მათი საფრთხეები უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ ევროპას.  საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (რომელსაც მიუერთდა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო, სან-მარინო, უკრაინა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია), ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და ნორვეგიის მუდმივმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე. წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის ფაქტი.
მინდა მოგახსენოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ.  

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძის დანიშვნის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  უფლებამოსილების შესრულებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება. ალექსანდრე მაისურაძე გახლავთ კარიერული დიპლომატი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს 1998 წლიდან.   2012 წლის თებერვლიდან დღემდე  მუშაობს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ასევე გავიდა საკითხი კუბაში საქართველოს საელჩოს გახსნის თაობაზე.

როგორც მოგეხსენებათ, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ რეგიონში ეს მეოთხე საელჩო იქნება. საელჩოები გვაქვს  ბრაზილიაში, არგენტინასა და მექსიკაში. აღსანიშნავია, რომ ჰავანაში საქართველოს საელჩოს გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, არაღიარების პოლიტიკის კუთხით.  არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ კუბაში საქართველოს ცნობადობა სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალია.  კუბის რესპუბლიკაში იცნობენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურული გაცვლების წახალისების საქმისთვის. გეტყვით, რომ ჩვენ უკვე გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და არის ინტერესი, რომ  ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტექნოლოგიები, კულტურა და ა.შ.. ვთვლით, რომ ეს დროული, კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით შედგა  საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ერთობლივი ვიზიტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, კერძოდ: 23 მარტს - ქ. პარიზში, 24 მარტს - ქ. ბერლინში და 25 მარტს - ქ. ჰააგაში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე; შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდივანი; იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. ვიზიტების მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სათანადო მხარდაჭერის მოპოვება.

გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონრად პავლიკი. პოლონელი სტუმარი მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ასევე გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან გიგი გიგიაძესთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები.   შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს. კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე. წ. „შეთანხმებების“ გაფორმებას.  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაგმო აღნიშნული ფაქტი და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ პოლონეთი აქტიურად ჩაერთვება ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში.

2015 წლის 1 აპრილს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილია ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მხარიდან დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი.  დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  დავით ბაქრაძე, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  პაატა ზაქარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს. ასევე, შეხვედრაზე იმსჯელებენ თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე. სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება მოსკოვის მიერ სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე. წ. „ხელშეკრულებების“ საკითხი, მისი იმპლემენტაციის შედეგები და ის საფრთხეები, რასაც მოსკოვის აღნიშნული ნაბიჯი ქმნის, როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ რეგიონში მთლიანად. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჰანს ტიმერმანსთან და ევროკომისართან სესილია მალმსტრომთან. მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი შეხვედრას გამართავს ასევე მის ბელგიელ კოლეგასთან.
2 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება რეგიონული ამბასადორიალი. კერძოდ, მინისტრი და მინისტრის მოადგილეები შეხვდებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
საუბარი შეეხება იმ  პროგრესსა თუ სამოქმედო გეგმებს, განსაკუთრებით რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ. ელჩებთან შეხვედრაზე განხილული მათ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში განსახორციელებელი სამუშაოები. ეს არის უპირველეს ყოვლისა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები, ე. წ. ხელშეკრულებები და სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რათა მივიღოთ მხარდაჭერა რიგის სამიტის წინ.  

1 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1224-ე სხდომას სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე. მინისტრის მოადგილის მოხსენება დაეთმობა აფხაზეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან მოსკოვის მიერ გაფორმებულ ე. წ. შეთანხმებებს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ, ანექსიურ  ნაბიჯებზე და იმ შედეგებზე, რაც ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციას მოჰყვება.
31 მარტს - 5 აპრილს საქართველოს ეწვევიან გაეროსთან აკრედიტირებული ელჩები. საქართველოს ეწვევა 8 ქვეყნის წარმომადგენელი აფრიკის და ოკეანეთის ქვეყნებიდან. მათი ვიზიტი მიზნად ისახავს  საქართველოს უკეთ გაცნობას, მისი წარმატებული რეფორმების, მიღწევების გაზიარებას.

ამასთან, საქართველოში მსგავსი ვიზიტების განხორციელება გვეხმარება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდისა და ოკუპირებული რეგიონების აღიარების პოლიტიკის მიმართულებით რუსეთის ზრახვების პრევენციისთვის.
 
ასეთი ვიზიტები,   საშუალებას მისცემს მათ, გაეცნონ საქართველოში არსებულ სიტუაციას არა მხოლოდ  რეფორმების კუთხით, არამედ მათ ექნებათ საშუალება ადგილზე მოინახულონ იუსტიციის სახლები და ესტუმრონ საოკუპაციო ზოლს.  ეს არ არის, პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ვიზიტები ხორციელდება. ჩვენ ადრეც გვქონდა მსგავსი პრაქტიკა და კვლავ ვაპირებთ ამ პრაქტიკის გაგრძელებას.

ასევე მსურს ერთხელ კიდევ გამოვეხმაურო საფრანგეთის ალპებში დატრიალებულ ტრაგედიას და მივუსამძიმროთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და  ახლობლებს. ასევე მინდა მივუსამძიმრო იტალიაში გარდაცვლილი ქალბატონის მშობლებს.

დიდი მადლობა, მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

ტელეკომპანია რუსთავი2 : საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებებში თუ არის ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუ არის რა დოზით, შეგიძლიათ გვითხრათ?
 
პასუხი: მე რამდენადაც ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ასეთ მოლაპარაკებებში ჩართული. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და პრეროგატივა. დანარჩენი დეტალები შეგიძლიათ ჰკითხოთ თავდაცვის სამინისტროს.