საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

მოგესალმებით, გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მოვლენა გახლდათ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ეს გახლდათ ისტორიული ვიზიტი, რომელმაც სრულიად ახალი იმპულსი მისცა ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ჩვენ ვთვლით, რომ იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ვინაიდან თურქმენეთი და საქართველო არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორები საერთაშორისო არენაზე, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. გამოითქვა მზადყოფნა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ასევე,  მოგეხსენებათ, რომ თურქმენეთი გახლავთ მნიშვნელოვანი ქვეყანა ენერგორესურსების თვალსაზრისით და აღნიშნული ვიზიტისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა თანამშრომლობას სწორედ ენერგომატარებლების ტრანზიტის თვალსაზრისით, აღინიშნა საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლი და ამ მიმართულებით ორივე ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ გააგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული ვიზიტისას მიღწეული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების რეალიზაციის თვალსაზრისით.
 
მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 1 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი. ტრადიციულად იგი წარიმართა ორი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სადაც მოხდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე არსებული ვითარების, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მოლაპარაკებები წარიმართა კონსტრუქციულ ვითარებაში. მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სრულად განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოდან მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი უსაფრთხოების სიტუაცია. კერძოდ, განხილულ იქნა ე.წ. ხელშეკრულებების გავლენა ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა, რომ ახალი, ე.წ. სექტორალური შეთანხმებების დადება სხვადასხვა სფეროებში წარმოადგენს რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიის მკაფიო მტკიცებულებას. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთის უკანონო წვრთნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.  ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, აიღოს იურიდიული ძალის მქონე ვალდებულებაძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. მათ შორის გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვის პრობლემატიკა, ასევე შედგა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვა. თქვენ იცით, რომ ამ რაუნდში რუსეთის მხარე იყო საკმაოდ გაღიზიანებული, ვინაიდან საქართველოს მხარემ წარმოადგინა ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. რუსეთის მხარეს რატომღაც მოეჩვენა, რომ ეს იყო  მაღალ ტონალობაში დაწერილი. არადა ეს იყო იურიდიული დოკუმენტი, მომზადებული იურისტების მიერ, რომელიც  რეალურ მდგომარეობას ასახავს.  ეს დოკუმენტი თავის შინაარსით გაეცნობა საერთაშორისო საზოგადოებას,  ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს.
 
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მინისტრის მოადგილე,  ვლადიმერ გურგენიძე გახლდათ საბერძნეთში. თქვენ იცით, საბერძნეთში ძალიან მძიმე ვითარებაა და გუშინ ჩატარდა რეფერენდუმი. ეს იყო ვიზიტი რეფერენდუმამდე, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა, იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლა და  არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა.ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რა თქმა უნდა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც საბერძნეთის მოსახლეობასთან ერთად, თანაბრად შეეხო საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ შემოვიღეთ უნაღდო ანგარიშსწორება ზოგიერთ საკონსულო მომსახურეობაზე, რომელიც წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
 
მინდა მოგახსენოთ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
9-11 ივლისს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გაემგზავრება ხორვატიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო, მაღალი დონის ყოველწლიურ ფორუმში ფორუმში.  მინისტრი  სიტყვით გამოვა პანელზე: “საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკა: ურთიერთკავშირი და ურთიერთ დამოკიდებულება“. ხორვატიის ფორუმი წელს მაღალი წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს. მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის უმაღლესი პირები.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, როგორც თავის ხორვატ კოლეგა ვესნა პუშიჩთან, ასევე  სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრებზე განიხილავენ, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ასევე  რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.  
მიმდინარე წლის 10 ივლისს კი, ქ. ჰელსინკიში დაგეგმილია ეუთო-ს მაღალი დონის არაფორმალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია,  მინისტრის პირველი მოადგილის  დავით დონდუას ხელმძღვანელობით.
 
აღნიშნულ არაფორმალურ შეხვედრაზე ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დიდი უმრავლესობა მინისტრის მოადგილეების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

დელეგაციები იმსჯელებენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისზე; ეუთო-ს როლზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში. ქართული მხარე რა თქმა უნდა ისაუბრებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის უარყოფით შედეგებზე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.  
მინდა მოგახსენოთ კიდევ ერთი ღონისძიების შესახებ. 6 ივლისს ქ. ვენაში, ეუთო-ს ფარგლებში გაიმართება სპეციალური ღონისძიება იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა უფლებების შესახებ.
 
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კერძოდ  საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დონეზე. საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს.  ისაუბრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემებზე საქართველოს მაგალითზე. მოგეხსენებათ, რომ იძულებით  გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემების მოგვარება საქართველოსთვის  მნიშვნელოვან ამოცანად რჩება,  შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ფორმატი აღნიშნული პრობლემის წამოწევისათვის.
 
კითხვა: ტელეკომპანია რუსთავი 2:  მოგეხსენებათ, ქართველებს აქვთ მთელი რიგი პრობლემები. ისინი იძულებულები ხდებიან უკვე ავტობუსების საშუალებით განახორციელონ  ფულადი გზავნილები. იხდიან უფრო მეტ ფულად თანხას. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად ჩართული ( ასე ვთქვათ, საელჩო ეხმარებოდა, რომ ცივილიზებულ ფარგლებში მომხდარიყო ეს გზავნილები). ამ შემთხვევაში შეკითხვა ეხება, საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებს.  უკვე არის ამის სიგნალები, (ამაზე არაერთხელ დაწერა უცხოურმა მედიამ), რომ გარკვეული ორგანიზაციები,  ცდილობენ,  რადიკალურმა ჯგუფებმა შეცვალონ არსებული მთავრობა. მოვიდეს უფრო ე. წ. რუსული ფულით დაფინანსებული პოლიტიკური გუნდი. ამ შემთხვევაში თუ გვაქვს გეგმა,  როგორ ვაპირებთ მუშაობას საბერძნეთთან? იმიტომ, რომ ის არის ნატოს,  ევროკავშირის წევრი. როგორ გაგრძელდება მომავალში ურთიერთობა და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაციისთვის?

პასუხი: ძალიან კარგი და  საინტერესო შეკითხვაა. საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობა არა ერთ წელს ითვლის. ამიტომ ეს ქვეყანა ჩვენთვის,  პოლიტიკურ, ისტორიულ, კულტურულ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, გუშინ ჩატარდა რეფერენდუმი და  რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის შედეგებს,  ეს უკვე არის არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა, ამაზე ძალიან ბევრი ინსტიტუციები და  სხვა უწყებებიც იმუშავებენ. 

საბერძნეთიც და ევროკავშირიც არის არჩევანის წინაშე. მე ვიცი, რომ დღეს რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ხვდებიან ერთმანეთს. ხვალ არის ევროკავშირის ფინანასთა მინისტრების შეხვედრა.

ვითარება არ არის მარტივი, არცერთ შემთხვევაში და ეს სიტუაცია რა თქმა უნდა აზარალებს არა მხოლოდ ქართველებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ არამედ ბერძნებსაც.  ქართველები ორმაგად ზარალდებიან ვინაიდან, ჯერ ეს ერთი ვერ გამოაქვთ ის ფული ბანკომატებიდან ან ბანკიდან,  რაც თავად აქვთ დანაზოგის სახით და მერე  ის ბერძენი, რომელთანაც მუშაობს ქართველი ის ვერ უხდის მას გასამრჯელოს.  რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის გადაუდებელი ღონისძიებები, რაც არის დაკავშირებული ბანკების გახსნასთან, ფულის გამოტანასთან,  ეს ამ დღეებში მოგვარდება და ჩვენ თანამემამულეებს ექნებათ საშუალება, რომ ფულის გამოტანა და გადარიცხვები აწარმოონ.  ალბათ, გზავნილებიც არის შემცირებული და რაღაც პერიოდი ასეც იქნება.  დავუბრუნდეთ თქვენ კითხვას, ის რომ ვთქვათ რა ძალები შეიძლება გააქტიურდნენ, რა თქმა უდნა მთავარი ახლა  არ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლა, დაპირისპირება ან რაღაცა ქმედებები,  მთავარია საბერძნეთის მოსახლეობას რომელიც 10 მილიონზე მეტია დროზე ეშველოს და მოეხსნათ ფინანსური პრობლემები, არ ქონდეთ პრობლემები ევროპასთან მიმართებაში. მე მაინც ვიტოვებ იმედს, ამ სიტუაციას მთავრობა  გაუმკლავდება და მოძებნის საერთო ენას ევროპასთან.  
 
კითხვა: საინფორმაციო სააგენტო პირველი:   ისევ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. რა პოზიცია აქვს საქართველოს. უცხადებს თუ არა მხარდაჭერას საბერძნეთს  თუნდაც გუშინდელი გადაწყვეტილების გამო და როგორც ქვეყანას რა შეფასება შეუძლია გააკეთოს იქ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით? ანუ შეეძლო თუ არა სხვა ნაბიჯი გადაედგა, ან დათმობაზე წასულიყო ან რაიმე სხვა ფორმის მოლაპარაკება ყოფილიყო თუნდაც გუშინდელ რეფერენდუმთან დაკავშირებით?

პასუხი: საბერძნეთის მოლაპარაკება ევროკავშირთან  რამდენიმე წელია გრძელდება.  დაახლოებით ორი-სამი წლის წინ, პირველი მოლაპარაკება შედგა და ღონისძიების პაკეტები მიიღეს.  მოსახლეობის არჩევანი ცნობილია.  ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ არჩევანს. საბერძნეთი არის ჩვენი მეგობარი, პარტნიორი და ერთმორწმუნე ქვეყანა.   რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საბერძნეთთან, როგორც სახელმწიფოსთან. ამას არაფერი არ უშლის ხელს. იმიტომ რომ ეს არის ორივე ქვეყნის ინტერესებში. ჩვენი სურვილია,  მალე განიმუხტოს ვითარება და  ქვეყანა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.