საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 29-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

2015 წლის 23 ივნისს, საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 29-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანოებთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.
 
ხათუნა თოთლაძემ  ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშორისო საზოგადოება. მან დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
 
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სავალალო მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც კვლავაც უხეშად ირღვევა ადგილობრივ მოსახლეთა ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან  ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაფორმებით კიდევ უფრო გამწვავდა ადგილზე არსებული ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და დაირღვა ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.
 
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 29-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილეს ფლავია პანსიერის და ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს იოახიმ რუკერს.

იმავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და გაეროსა და ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შალვა ცისკარაშვილმა მიღება გამართეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით.