საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის პირველი ელჩები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ულოცავენ

საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის პირველი ელჩები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ულოცავენ და იმ თვალსაჩინო პროგრესზე საუბრობენ, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, ნიდერლანდების, პოლონეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უკრაინის, ჩეხეთისა და ვატიკანის დიპლომატები, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს პირველ ელჩებად მოევლინნენ, ქვეყანაში გატარებულ დაუვიწყარ დღეებს იხსენებენ და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და მეგობრობას თავიანთ დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საუკეთესო მოგონებად თვლიან.

ელჩების თქმით, ისინი თავად იყვნენ იმის მომსწრე, თუ როგორი ძალისხმევითა და სიმტკიცით გაუმკლავდა ქართველი ხალხი იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გაჩნდა, რაშიც საქართველოს მდიდარი ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილება დაეხმარა.

ელჩები თვლიან, რომ დღეს ქართველი ხალხის ენერგია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენაა მიმართული. ამასთან, დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის პროცესი უწყვეტია და, მიუხედავად სირთულეებისა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

„ბევრმა ქვეყანამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მაგალითით. გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, მისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი გზაა“ - აცხადებენ ელჩები, რომლებიც, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველნი იყვნენ, ვინც საქართველოში თავიანთი დიპლომატიური ფუნქციების შესრულებას შეუდგნენ.