საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროში

10.07.2016 თბილისი - ​ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან, ასევე მინისტრის მოადგილეებთან ხათუნა თოთლაძესთან და დავით ჯალაღანიასთან.

მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს თავიანთ საკურაციო მიმართულებებზე და დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე. განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების, ასევე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატების გაგრძელების მნიშვნელობას.

განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების, მათ შორის რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ბულგარეთის მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე საუბრისას, აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

დესისლავა ივანოვა მიესალმა COREPER-ის სხდომაზე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ამავე დროს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი. ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მინისტრის მოადგილეებმა წარმატება უსურვეს მომავალ საქმიანობაში.