საქართველოში კოლუმბიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2016 წლის 1 სექტემბერს,  საქართველოში კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  (რეზიდენციით ქ. ანკარა) ხუან ალფრედო პინტო საავედრამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას.
 
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე,  დავით დონდუამ კოლუმბიის ელჩს მიულოცა კოლუმბიის მთავრობასა და შეარაღებულ რევოლუციურ ძალებს (FARC) შორის  სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, რაც დაასრულებს ქვეყანაში 50-ზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას და ხელს შეუწყობს მშვიდობიან თანაცხოვრებას.
 
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და კოლუმბიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული დადებითი დინამიკა, ხაზი გაესვა  კოლუმბიისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის ორი ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მნიშვნელობას.
 
მიმდინარე წლის დასასრულს ასევე დაგეგმილია კოლუმბიის ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისათვის.