საქართველო, სირიაში, ალეპოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ბავშვებს 100 ათასი აშშ დოლარით დაეხმარება

29.12.2016 თბილისი- ჰუმანიტარული მიზნებისთვის განკუთვნილი თანხა, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა ოფისს, სირიის ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის ფარგლებში გადაერიცხება.  გაეროს რეკომენდაციით,  ამ ეტაპზე, ეს ალეპოში მცხოვრები ბავშვების დახმარების ერთადერთი საშუალებაა.
 
განცხადება, სირიაში დახმარების გაგზავნის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17 დეკემბერს გააკეთა.
 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს გაეროსთან ერთად, რათა როგორმე მიაწვდინოს ჰუმანიტარული დახმარება ალეპოში, „ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს“.  პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მათი თანადგომა მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მსოფლიო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს.
 
სირიაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად, მსოფლიო თანამეგობრობის განსახორციელებელ ღონისძიებებში, საქართველო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაამყარა კონტაქტები გაეროს წარმომადგენლობასთან თბილისში, ჟენევასა და ნიუ-იორკში. მთავრობის გადაწყვეტილებით ამ დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს.