საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გაკეთდა

ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია, რასაკვირველია, 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი და პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
 
დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
 
ფედერიკა მოგერინის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ურყევი გადაწყვეტილება ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევაში.
ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ წარმატებით მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბევრ ეტაპობრივ მიზანს. ცხადია, აუცილებელია მუშაობის გაგრძელება დარჩენილი მიზნების მისაღწევად. როგორც ერთი კვირის წინ თბილისის ვიზიტის დროს აღვნიშნე, მართალია, მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენციები,"-განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, სხდომაზე სათანადოდ შეფასდა ასოცირების ხელშეკრულების ეტაპობრივი განხორციელების პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.
"კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველყოფა,"-აღნიშნა პრემიერმა.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას რეფორმების გატარების პროცესში და იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო დახმარებას. მანვე ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
 
"ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ეტაპობრივი მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ევროპაში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თვალსაჩინოა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები რეფორმირების გზაზე.
 
"ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მონდომებას და მიღწევებს. საქართველომ გაატარა რეფორმები, რათა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით,"- აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
 
მისივე თქმით, ის უახლოეს მომავალში ეწვევა თბილისს, რათა საკუთარი თვალით ნახოს მიღწეული შედეგები.
 
მედიისთვის გაკეთებული საგანგებო განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე საუბარი სამუშაო ვახშამზე გაგრძელდა.