„საქართველო ევროპისათვის რეგიონში ერთადერთ სანდო და სტაბილურ პარტნიორად ერთხმად არის აღიარებული“ - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა

28.12.2016 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  მედიის წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე გაწეულ სამუშაოებსა და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მინისტრმა 2016 წელი უაღრესად წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება, ევროკავშირის მხრიდან მინიმალური  მონიტორინგის გაწევით,  რეკორდულ ვადებში შეძლო, რის შედეგადაც ის ევროპისათვის რეგიონში ერთადერთ სანდო და სტაბილურ პარტნიორად  ერთხმად არის აღიარებული“.

მიხეილ ჯანელიძემ მიმოიხილა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ვიზა ლიბერალიზაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული შედეგები. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიაზე, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა არაფორმალურ გარემოში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრით და გამოხატა მზაობა მომავალშიც გაგრძელდეს მსგავს ფორმატში თანამშრომლობა. მიხეილ ჯანელიძემ დამსწრე ჟურნალისტებს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან 2016 წლის 28 დეკემბერს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.