საქართველო-ლიტვის კომისიის მე-3 სხდომა

2016 წლის 7 აპრილს ვილნიუსში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ევროპულ და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველო-ლიტვის კომისიის მე-3 სხდომა.
 
კომისიის შეხვედრას საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ლიტვის საგრეო საქმეთა სამინისტროების სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებმა.
 
სხდომის მიმდინარეობისას განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი,  უსაფრთხოება, ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მრავალმხრივი ურთიერთობები,  თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში.
 
შეხვედრაზე  კიდევ ერთხელ  გაუსვეს ხაზი ლიტვური მხარის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღნიშნეს საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებული პროცესი და ამ გზაზე ლიტვური მხარის დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
 
ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე და  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წარმატებით ძალაში შესვლის აუცილებლობაზე, რაც დელეგაციების წარმომადგენელთა შეფასებით ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებასა და აქტიური ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას.
 
ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით აღინიშნა ეკონომიკური სფეროში არსებულ  მზარდი პოტენციალი. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის  იმ ახალ შესაძლებლობებზე, რასაც ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტები იძლევა.  ხაზი გაესვა ბიზნეს საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და მჭიდრო კავშირების დამყარების მნიშვნელობას და მხარები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ ხსენებული კონტაქტების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის. 
 
ევროპული ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ეფექტურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. მხარეები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის მიერ 2014-2017 წლებში ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის   განხორციელებას. ლიტვამ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც გაუზიაროს საქართველოს კომუნიკაციის სფეროში სათანადო გამოცდილება.
 
ლიტვის დელეგაციამ გამოხატა მზადყოფნა, შემდგომი დახმარება გაუწიოს საქართველოს  განვითარების სფეროში თანამშრომლობის მხრივ, რომლის მიზანია ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდა.   ლიტვის დელეგაციამ აღნიშნა, რომ ლიტვა გააგრძელებს 2015 წელს დაწყებული ოთხი პროექტის იმპლემენტაციას და დაადასტურა, რომ 2016 წელს საქართველოში განხორციელდება ოთხი, ახალი განვითარების პროექტი _ ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, კლიმატური ცვლილების პრევენციის, სოფლის მეურნეობის, სოციალური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, თანაბარი უფლებების განხორციელების სფეროებში.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და აღნიშნეს ამ გზაზე საქართველოს პროგრესი.
 
ლიტვის დელეგაციამ მაღალი შეაფასა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მის წვლილი, როგორც ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი უწყვეტი მხარდაჭერა და მისი მზაობა საქართველოს შემდგომ მხარდაჭერაზე რეფორმებსა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში.
 
აღინიშნა, რომ ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და  ხაზი გაესვას საქართველოსათვის ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას.
 
კომისიის შეხვედრაზე ლიტვური მხარის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.  ხაზი გაესვა ევროკავშირის გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.  საქართველოს დელეგაციამ მადლიერება გამოხატა EUMM-ის  მისიაში ლიტვის აქტიური მონაწილეობის გამო.
 
კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველო-ლიტვის კომისიის შემდეგი შეხვედრა 2017 წელს, საქართველოში გაიმართება.  
 
შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს კომისიის დასკვნით ოქმს.